ნიკა გვარამიას საქმე

პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების აქტს ხელი დღეს, 22 ივნისს მოაწერა.

"გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპრიებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი - ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები