დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ბრალდებები გასული 2 დღეა რაც გრძელდება.

თავდაპირველად 19 ივნისს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ცნობა, რომ 00:45-დან 02:20-მდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს მათი პოზიციებისკენ, აღმოსავლეთის, სოფელი სოთქისა და სამხრეთ-დასავლეთის, ერასხის მიმართულებით. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. ამის შემდეგ, ამავე დღეს სომხეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, დაახლოებით 13:25-ისთვის, ცეცხლი გაუხსნეს ერასხში მშენებარე მეტალურგიულ საწარმოს, რომელიც უცხოური ინვესტიციებით შენდებოდა.

ასევე 19 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 13:35-ისთვის სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერასხში მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე სადარაქის რაიონის დასახლებული პუნქტი ჰეიდარაბადის მიმართულებით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

20 ივნისს მხარეებს შორის ბრალდებები გაგრძელდა. ამ დღეს სომხეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ 00:20-ზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს კახაკნის მიმართულებით. ეს პუნქტი სომხეთის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს. ამის შემდეგ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15:50-ზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს ნერქინ-ჰანდისა და სრაშენის დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამავე დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ირწმუნებოდა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი კვლავ გაუხსნეს ერასხში მშენებარე მეტალურგიულ საწარმოს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 20 ივნისის განცხადება სომეხ სამხედროებს კვლავ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ჰეიდარაბადის მიმართულებით სროლაში ადანაშაულებდა. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, დაახლოებით 20:10-ისთვის სომხური ფორმირებების ძალებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს შუშის რაიონის მიმართულებით განლაგებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ აღნიშნა, რომ მათმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

ბოლო დღეებში აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობამ კვლავ იმატა. შეტაკებები 16 ივნისსაც მოხდა.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები