დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, იმავეს მოელის ბაქოსგან

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ აზერბაიჯანი სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით იმავეს გააკეთებს.

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება რეალური გახდება, თუ ორი ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას გაურკვევლობისა და ხაფანგების გარეშე და აიღებს ვალდებულებას, არ ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ ახლა ან ოდესმე." - თქვა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ აღნიშნულზე მხარეები 2022 წლის 6 და 31 ოქტომბერს პრაღასა და სოჭში გამართულ შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

"მიუხედავად ამისა, ოფიციალური განცხადებები ისმის როგორც ერევნიდან, ასევე ბაქოდან, რომლის მიხედვითაც, მხარეები ადანაშაულებენ მეორე მხარეს შეთანხმებების შეუსრულებლობაში. მინდა გავიმეორო, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით." - თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დროს უარს ამბობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღიარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, სულ მცირე, 4 სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

კომენტარები