რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს კასტრაციას უტარებდნენ – The Times

უკრაინელი სამხედრო ტყვეები
РИА

როგორც გამოცემა The Times-ი წერს, ისინი ესაუბრნენ უკრაინელ ფსიქოლოგს, 41 წლის ანჟელიკა იაცენკოს, რომელმაც ორი პაციენტის ისტორიაზე ისაუბრა.

იაცენკოს თქმით, მისი პაციენტები იყვნენ 25 და 28 წლის ორი უკრაინელი სამხედრო. შედარებით ახალგაზრდამ რუსების ტყვეობაში ერთი თვე გაატარა, მეორემ კი სამი. მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინაში ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი რაუნდის შემდეგ დაბრუნდნენ, მათ ანჟელიკა იაცენკოს მიმართეს. ორივე მათგანს სუიციდური ფიქრები აწუხებდა. შედარებით ახალგაზრდამ თვითმკვლელობაც სცადა. თავდაპირველად ჯარისკაცები ფსიქოლოგს ვერ ეუბდნებოდნენ თუ რა გადაიტანეს ტყვეობის დროს.

"თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს მასზე უარესი იქნებოდა". – გაიხსენა იაცენკომ ერთ-ერთი პაციენტის სიტყვები.

საბოლოოდ ორივე პაციენტმა ფსიქოლოგს საკუთარი ისტორია მოუყვა. მათ მთვრალმა რუსმა სამხედროებმა ჯერ დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი დანით კასტრაცია ჩაუტარეს. როგორც იაცენკომ აღნიშნა, ამ ამბის გაგების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა არაპროფესიონალი ფსიქოლოგივით მოიქცა.

"ასეთი საშინელება არაფერი გამიგია. მათ ვუთხარი, რომ საპირფარეშოში გასვლა მჭირდებოდა, გავედი და ვტიროდი და ვტიროდი. არ მსურდა ჰგონებოდათ, რომ უიმედო სიტუაციაა... ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, არ ვიცი, როგორ გადავრჩი, იმდენი სისხლი იყო, მეგონა სისხლის მოწამვლით მოვკვდებოდიო". – თქვა იაცენკომ.

იაცენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა ტყვეებს უთხრეს, რომ ამას იმიტომ აკეთებდნენ, რათა მათ შვილები არ ჰყოლოდათ.

"ჩემთვის ეს გენოციდია". – თქვა უკრაინელმა ფსიქოლოგმა.

იაცენკოს თქმით, 28 წლის პაციენტმა უთხრა, რომ კვლავ შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება სურდა. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ მას ან რუსი ოკუპანტების დახოცვა სურს, ან "ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება აღარაფრად ფასობს და სიკვდილი უნდა".

იაცენკოს მიაჩნია, რომ კასტრაციის მსხვერპლები მხოლოდ მისი პაციენტები არ არიან.

"მათ მითხრეს, რომ რუსები კასტრაციის პროცედურას ისე მოქნილად ატარებდნენ, თითქოს იცოდნენ როგორ უნდა გაეკეთებინათო. ასევე მოვისმინე შემთხვევები კოლეგებისგანაც, რომლებიც სხვებს მკურნალობენ". – თქვა უკრაინელმა ფსიქოლოგმა. 

როგორც The Times-ი წერს, პოლტავას სამშობიარო კლინიკაში უკრაინელ ექიმებს ჰყავდათ პაციენტი ქალები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს, შემდეგ კი ვაგინები სამშენებლო წებოთი ამოუვსეს, რათა ბავშვის გაჩენა ვეღარ შეძლებოდათ.

იაცენკო იხსენებს ერთ-ერთ ქართველ პაციენტსაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო.

"კლიენტი მყავს საქართველოდან, რომელიც იქ [2008 წლის] ომის დროს რუსებმა აწამეს და შემდეგ უკრაინაში გამოიქცა. როცა აქ ომი დაიწყო, მან ქვეყანა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დატოვა, მე მითხრა, ვიცი რასაც უკეთებენ ახალგაზრდა გოგოებსო. მაშინ არ მესმოდა, ახლა ვხვდები". – თქვა უკრაინელმა ფსიქოლოგმა. 

გასული წლის ივლისში გავრცელდა კადრები, რომლებშიც რუსი სამხედროები ხელშეკრულ უკრაინელ სამხედროს საკანცელარიო დანით კასტრაციას უტარებდნენ. მძიმე ვიდეოს მეორე ნაწილში დატყვევებულ სამხედროს, რომელსაც სხეულის მოჭრილი ნაწილი პირში ჩაუტენეს, რუსები თავში ესროდნენ და წინასწარ გათხრილ ორმოში აგდებდნენ. ამის შემდეგ, 2023 წლის აპრილში გავრცელდა კიდევ ერთი მძიმე კადრები, რომლებშიც რუსი სამხედროები დატყვევებულ უკრაინელს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თავს დანით აჭრიდნენ.

კომენტარები