რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

GUARDIAN: ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს არ შესთავაზებენ

Guardian-ის სტატიის მიხედვით, რომელიც ივლისში გამართულ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროგნოზებს მიმოიხილავს, უკრაინას მოკავშირეები NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს არ შესთავაზებენ, თუმცა როდესაც ეს უკანასკნელი ალიანსში გაწევრიანების შეთავაზებას მიიღებს, შესაძლოა ეს დაჩქარებული ტემპით, დამატებითი პროცედურების გარეშე წარიმართოს. 

სტატიის თანახმად, ასევე მოსალოდნელია ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის რუსეთისგან ომის შემდგომი თავდაცვითი გარანტიების შეთავაზება, თუმცა ეს NATO-ს მიღმა, მათი დამოუკიდებელი ნების ფარგლებში იქნება განხილული. სავარაუდოდ დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას. თუმცა რაც შეეხება ვალდებულებების აღებას, კონკრეტული ტიპის იარაღის შეთავაზების ნაცვლად, მოსალოდნელია ზოგადი დაპირებები. 

NATO-ს წევრი ქვეყნები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ერთიანი გეგმის შეთავაზებაზე. ლიდერები, რომლებიც ივლისში, ვილნიუსში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, აღნიშნავენ, რომ ეს ნორმალურია, თუმცა ისინი იმედს იტოვებენ, რომ, სულ მცირე, იმაზე შეთანხმდებიან, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ავტომატურად, დამატებითი პროცესების გარეშე მოხდეს, როგორც ეს მოხერხდა ფინეთის შემთხვევაში.

სტატიის მიხედვით აგრეთვე იგეგმება NATO-სა და უკრაინას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავებაც. NATO-უკრაინის კომისიის ნაცვლად კავშირი NATO-უკრაინის საბჭოდ იქნება მოხსენიებული. შედეგად უკრაინა კიდევ უფრო ინტენსიურად იქნება ჩართული ალიანსის სხდომებსა და ლიდერების  შეხვედრებზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსისგან კონკრეტულ ვადებს მოელის და დიდი ალბათობით აღნიშნული დაპირებები მისთვის საკმარისი არ იქნება. შესაძლოა ამას მოჰყვეს იმედგაცრუებაც, თუმცა როგორც დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, ეს დაპირებები უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად წინ გადადგმული ნაბიჯია. 

კომენტარები