რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინაში "სანიტარული ზონის" შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს

ვლადიმირ პუტინი სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშები გაგრძელდება, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნას განიხილავს.

"რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიიდან ჩვენს ტერიტორიაზე იერიშების მიტანის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. აქ მოგვარების რამდენიმე მეთოდი არსებობს: პირველი, კონტრბატარეული ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. დაბომბვები ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იქნება. თუ ეს გაგრძელდება, ამას ძალიან სიფრთხილით ვამბობ, როგორც ჩანს, მოგვიწევს განვიხილოთ უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე სახის სანიტარული ზონის შექმნა, ისეთ მანძილზე, რომლიდანაც ჩვენს ტერიტორიაზე მიწვდომა შეუძლებელი იქნება". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნის იდეა არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ხვალვე დაიწყებენ. მისი თქმით ეს "ცალკეული საკითხია".

"არ ვამბობ, რომ ხვალვე დავიწყებთ ამაზე მუშაობას, უნდა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება სიტუაცია". – თქვა პუტინმა. 

ამას გარდა, პუტინმა ისაუბრა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების საზღვრის გამაგრების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

გასულ კვირებში პროუკრაინული ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში იყვნენ გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებდნენ. მათ ამ შეტაკებების ფარგლებში ტყვედ აიყვანეს რამდენიმე რუსი სამხედრო. ამას გარდა, რეგულარულად ვრცელდება ცნობები უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის სასაზღვრო ზონაში მიტანილ იერიშებზე.

კომენტარები