UBS-Credit Suisse

UBS ასრულებს Credit Suisse-ის შესყიდვას – ახლად წარმოქმნილი ფინანსური გიგანტის მომავალი

Reuters

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიო საბანკო სექტორში ყველაზე მასშტაბური გარიგება დასრულდა – შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა ოფიციალურად დაასრულა მისი მეტოქის, Credit Suisse-ის შესყიდვის ისტორიული პროცესი.

ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა სერჯო ერმოტიმ ორშაბათს ღია წერილში აღნიშნა, რომ ეს არის ახალი თავის დასაწყისი არა მხოლოდ UBS-ისთვის, არამედ მთელი ფინანსური ინდუსტრიისთვის. 

"ეს არის ახალი თავის დასაწყისი – UBS-ისთვის, შვეიცარიისთვის, როგორც ფინანსური ცენტრისა და გლობალური ფინანსური ინდუსტრიისთვის". – თქვა ერმოტიმ. 

გარდა ამისა, სერჯო ერმოტიმ და ბანკის თავმჯდომარემ კოლმ კელეჰერმა თქვეს, რომ გარიგების პროცესში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბანკების შერწყმამ ბევრი შესაძლებლობა გააჩინა როგორც კლიენტებისთვის, პერსონალისა და აქციონერებისთვის, ასევე შვეიცარიისთვის.

შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის FINMA-ს მიერ მიმდინარე კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, შესყიდვის იურიდიული პროცესის დასრულება ორივე ბანკისთვის "სიცხადისა და სტაბილურობის" წყაროა.

"FINMA მიესალმება UBS-ის სტრატეგიულ ფოკუსს, რომელიც ითვალისწინებს რისკის სწრაფ შემცირებას საინვესტიციო ბანკში". – ნათქვამია მათ განცხადებაში.

გარიგების შედეგად საფინანსო სექტორში შეიქმნა სიმდიდრის მენეჯმენტის გიგანტური ბანკი, რომლის აქტივები თითქმის $1.7 ტრილიონს უტოლდება.

ორი ბანკის აქტივები ორჯერ აღემატება ქვეყნის წლიურ წარმოებას, ხოლო ადგილობრივი დეპოზიტები ახალ ერთეულში შვეიცარიის მთლიანი შიდა პროდუქტის 45%-ს უდრის.

გარიგების შედეგად ბანკის მმართველი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს $5 ტრილიონის აქტივებს, რაც UBS-ს საკვანძო ბაზრებზე წამყვანი პოზიციის დაკავების შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად ამისა, ორი გლობალური ბანკის სრულ ინტეგრაციას მოსალოდნელია სამ წელზე მეტი დრო დასჭირდეს, რაც დიდ რისკებს უქმნის UBS-ს.  

გარიგების ოფიციალური დასრულების პარალელურად Credit Suisse-ის თითქმის 170-წლიანი დამოუკიდებელი საბანკო ისტორიაც დასრულდა. Credit Suisse შეიქმნა შვეიცარიის რკინიგზის ასაშენებლად 1856 წელს – იმავე წელს, როდესაც ოფიციალურად დასრულდა ყირიმის ომი.

მარჯვნივ Credit Suisse-ის შტაბბინა, მარცხნივ  UBS. ციურიხი, შვეიცარია, 2023 წლის 19 მარტი

რაც შეეხება შვეიცარიული ბანკის უახლოეს ისტორიას, დაუსრულებელი სკანდალების ფონზე მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში Credtis Suisse ფინანსური კრიზისა და გაკოტრების პირას აღმოჩნდა. 

შვეიცარიის მთავრობის მარტის განცხადებით  განცხადებით Credit Suisse-ის – მსოფლიოს 30 ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკიდან ერთ-ერთის – გაკოტრება მსოფლიო ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა.

UBS მარტშივე დათანხმდა Credit Suisse-ს შესყიდვას –  $3.32 მილიარდის საფონდო  ღირებულებისა და $5.5 მილიარდის მოცულობის სავარაუდო ზარალთან ერთად.  

პარასკევს, 9 ივნისს ზარალის შესაჩერებლად UBS-მა $9 მილიარდიანი გარიგება შვეიცარიის მთავრობასთან დადო.

ბანკების შერწყმის შემდეგ UBS ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ასაქმებს 120 000 თანამშრომელს. UBS-მა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს სამუშაო ადგილებს მილიარდობით დოლარის ხარჯების დაზოგვის მიზნით, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. მხოლოდ შვეიცარიის მასშტაბით ორ ბანკში ერთობლივად დასაქმებულია 37 000 ადამიანი, რაც ფინანსური სექტორის მუშახელის დაახლოებით 18%-ს შეადგენს.

UBS-მა ასევე გააკეთა განცხადება მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ. ცვლილებები მოსალოდნელია Credit Suisse AG-ში, რომელიც ახლა UBS-ის შვილობილი კომპანიაა და იგი დამოუკიდებლად იფუნქციონირებს. 

ამასთანავე, UBS-ის წარმომადგენლის თქმით, ბანკების შერწყმის შედეგად პოზიციებზე დანიშნეს ან/და წარადგინეს 160-ზე მეტი პირი, რომელთაგან მეხუთედზე მეტი Credit Suisse-დანაა. 

ვრცლად Credit Suisse-ის ისტორიისა და ფინანსური კოლაფსის შესახებ წაიკითხეთ: Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები