უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო დღეებში წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად მოკვდა რუსეთის 35-ე გაერთიანებული არმიის შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი. ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა ომის კორესპონდენტმა, იური კოტიონოკმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
როგორც კოტიონოკი წერს, გორიაჩევი სარაკეტო იერიშის შედეგად, 12 ივნისს მოკვდა. მისივე თქმით, გასულ დღეს ზაპოროჟიეს მიმართულებით შეხების ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
გორიაჩევი, რომელმაც სამხედრო სამსახური რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებში გაიარა, წარსულში მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში რუსულ კონტინგენტს მეთაურობდა, ამის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთში განთავსებულ რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზასაც.
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აქტიური მოქმედებები განაახლეს. ვრცელდება ცნობები გათავისუფლებული დასახლებების შესახებ.
12 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქვედანაყოფებმა გაავრცელეს ცნობები ნოვოდარივკას გათავისუფლების შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონში, ასევე სტოროჟევოსა და ნესკუჩნის გათავისუფლების შესახებ დონეცკის ოლქში.
11 ივნისს კი უკრაინამ დონეცკის რეგიონში ბლაგოდატნესა და მაკარივკას გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულია 7 დასახლება.





