რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელების საზაფხულო კონტრშეტევა – რა ვიცით ამ დროისთვის

Tyler Hicks/The New York Times

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად მიმართული უკრაინული კონტრშეტევა, რომელსაც მთელი მსოფლიო მრავალი თვის განმავლობაში ელოდა, უკვე დაწყებულია. ამას ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები და ომში ჩართული ქვეყნების პირველი პირების განცხადებებიც ცხადყოფს.

9 ივნისს, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინული კონტრშეტევის დაწყების შესახებ უკვე დაზუსტებით შეუძლიათ ლაპარაკი.

"რაც შეეხება იმ საკითხს, ჩაიშალა თუ არა კონტრშეტევა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით კონტრშეტევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. თუმცა კიევის სამხედრო ძალების თავდასხმითი პოტენციალი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც სრულმასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა გარკვეული მინიშნებები გააკეთა.

"მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს სხვადასხვა ფრონტზე ჩვენს მეთაურებთან, მათ შორის, სირსკისთან, ტარნავსკისთან, მოსკალევთან, ნაიევთან, ზალუჟნისთან. ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჰოდა, გადაეცით ეს პუტინს... ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინაში კონტრშეტევითი თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. რა ეტაპზეა, ამას დეტალურად არ განვმარტავ. მე მგონია, რომ ჩვენ ამას ვიგრძნობთ". - თქვა ზელენსკიმ.

9 ივნისს, კონტრშეტევის დაწყების შესახებ Telegram არხზე ცნობა გაავრცელა აზოვის ბატალიონმაც:

"დადგა ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი. აზოვის ბრიგადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად ერთ-ერთი მიმართულებით უკვე გადავიდა შეტევაზე. ჩვენ წინ მივიწევთ, მტერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან განვდევნით და ახალ პოზიციებს ვიკავებთ. ახლა ჩვენ ვასრულებთ მთავარ ამოცანას - მტრის განადგურებასა და უკრაინული მიწების გათავისუფლებას".

რა ხდება ფრონტზე?

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, შესაბამისი ნიადაგის მომზადების შემდეგ, უკრაინელებმა კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარება ტერიტორიების დაბრუნების მიზნით 4 ივნისიდან დაიწყეს.

ამ პერიოდში უკრაინული ძალები ბახმუტის ფრონტზე თავდაცვიდან შეტევით ოპერაციაზე გადავიდნენ და ქალაქის ფლანგებს სხვადასხვა მონაკვეთში 200 მეტრიდან 2 კილომეტრამდე მიუახლოვდნენ. ასევე, უკრაინელებმა ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს დასავლეთ დონეცკის ოლქშიც, დონეცკი-ზაპოროჟიეს საზღვართან.

უკრაინულმა ძალებმა დამატებითი შეტევა განახორციელეს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში 7 ივნისის ღამეს და 8, 9 და 10 ივნისსაც, რასაც გარკვეული წარმატება მოჰყვა, თუმცა პირველი ცნობები გათავისუფლებული დასახლებების შესახებ 11 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა.

"მიმართულებები საითაც იერიშები მიმდინარეობს: ბახმუტის მიმართულებით ჩვენი სამხედროები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს. არის მიღწევები ბერხოვის წყალსაცავის რაიონში. წინ წავიწიეთ 250 მეტრით. სამხრეთით წინსვლაა ორი მიმართულებით, 300-დან 1500 მეტრამდე. დეოკუპირებულია ბლაგოდატნესა და მაკარივკის დასახლებული პუნქტები. მიმართულებით, სადაც ჩვენი სამხედროები თავს იცავენ – არც ერთი პოზიცია დაგვიკარგავს". – დაწერა მალიარმა.

ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ 11 ივნისის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ უკრაინელებს ფრონტის ხაზზე მინიმუმ სამი სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული შეტევის წყალობით, ვიზუალურად დადასტურებული მიღწევები აქვთ. უკრაინული სამხედრო ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის ფრონტზე. ასევე, დონეცკის ოლქის დასავლეთში, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით ბლაგოდატნესა და მაკარივკასთან ერთად გაათავისუფლეს ნესკუჩნეს, სტოროჟევესა და ნოვოდარივკას დასახლებებიც. სტოროჟევეს გათავისუფლების შესახებ ISW-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია 12 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს. შეტევა მიმდინარეობს ზაპოროჟიეს ოლქის ორიხივის დასახლების სამხრეთ-დასავლეთითაც.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ ძალებს ღამით მოქმედებისას დასავლეთის მიერ მიწოდებული მოწინავე შეიარაღებისა და ღამის ოპტიკის განვითარებული სისტემების წყალობით ტაქტიკური უპირატესობა აქვთ, თუმცა წინსვლასთან ერთად უკრაინელები დანაკარგებსაც განიცდიან. 12 ივნისის მონაცემებით უკრაინულმა არმიამ 109 Bradley-ს ტიპის ამერიკული საბრძოლო მანქანების დაახლოებით 15%, 16 ერთეული დაკარგა.

რუსული წყაროების თანახმად, შეტაკებები მიმდინარეობს ე.წ. "ნაცრისფერ ზონებში", ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლების სრულად ოკუპაციაც რუსულმა ძალებმა უკრაინული შეტევის დაწყებამდე ვერ მოასწრეს. თუმცა, სავარაუდოა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე უკრაინული მიღწევების გაუფასურებას ცდილობს.

კონტრშეტევის გააქტიურებასთან ერთად, ნათელი ხდება რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შესაძლო მოტივაციაც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ჰესის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დატბორვასთან ერთად უკრაინული ძალების წინსვლა ამ რეგიონში შეჩერებულია, რითაც ისარგებლეს რუსულმა ძალებმა და ხერსონში განთავსებული სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის, დაუზუსტებელი საზღვაო ქვეითი და საჰაერო სადესანტო ძალების ელემენტების ზაპოროჟიესა და ბახმუტის  მიმართულებებით გადასროლა დაიწყეს.

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კონტრშეტევისგან?

მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ზაფხულის კონტრშეტევა ხარკოვის კონტრშეტევისგან განსხვავებით უფრო ნელი წინსვლით განვითარდება, მოლოდინები როგორც უკრაინაში, ისე მის პარტნიორ და მხარდამჭერ ქვეყნებში, მაინც დიდია.

ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები თვლიან, რომ ახლა უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შედეგად რუსეთის მიერ "გადებული" სახმელეთო ხიდის დაკავება.

ამ ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინას ყირიმზე განლაგებულ რუსულ სამეთაურო პუნქტებზე საშუალო მოქმედების რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა რუსული ჯარისთვის მომარაგების მნიშვნელოვანი ხაზები გადაიჭრება, რაც მომავალ ზამთარში ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ოკუპანტის ჯარს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

ასევე, მნიშვნელოვანი სიმბოლური და სტრატეგიული გამარჯვება იქნება ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნება, რაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვან წყაროს უკრაინის კონტროლს დაუქვემდებარებს და რუსული კონტროლით გამოწვეულ დესტაბილიზაციას გაანეიტრალებს.

თუმცა, ტერიტორიების დაბრუნებასთან ერთად, დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ მათ მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინული არმიის რეორგანიზაციისა და მოდერნიზების საქმეში რეალური შედეგის მომტანია და უკრაინელებს შეუძლიათ NATO-ს ტაქტიკის, კომპლექსური მანევრირებისა და თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მრავალრიცხოვანი რუსული ჯარისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.

კონტრშეტევის ამ ეტაპზე რთულია რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, თუმცა შესაძლებელია, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში განვითარებული მოვლენები ომის საბოლოო შედეგებზე გარდამტეხ გავლენას იქონიებენ.

კომენტარები