საქართველო-რუსეთი

პუტინის ადამიანის უფლებათა მრჩეველი საბჭოს წევრი, გორგაძე ამბობს, რომ ბათუმში იმყოფებოდა

შოთა გორგაძე

ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, შოთა გორგაძემ საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ის რამდენიმე კვირის წინ საქართველოში, ბათუმში იმყოფებოდა.

"რამდენიმე კვირის წინ სტუმრად ვიყავი ჩვენს მეგობართან, გია აგირბასთან "რეტრო ბათუმში". მაესტრომ საკუთარი ხელით მომიმზადა ჩემი საყვარელი ნავუკა) იმედი მაქვს, შუაღამისას არავის პროვოცირებას მოვახდენ ამ პოსტით, რომელიც ჭამას ეხება)))". – წერს გორგაძე Instagram-ის ვიდეოს აღწერაში.

გია აგირბა რესტორანი რეტროს მზარეულია.

ვიდეოში გორგაძე აჭარულ ხაჭაპურს ჭამს და მაყურებლებს კერძის ჭამის "ინსტრუქციას" უხსნის.

ადვოკატი შოთა გორგაძე მრჩეველთა საბჭოს წევრობის გარდა აქტიურად მონაწილეობს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში. მას ხშირად ციტირებდნენ რუსული სამთავრობო მედიები და ის სტუმრად ჰყავდა პროპაგანდის ვლადიმირ სოლოვიოვსაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში პოლიციამ ბათუმში რესტორან რეტროს მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-მ თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე 4 ივნისს დაიწყო. სასამართლომ რეტროს მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თემო მგზავრიძის თქმით, რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რასაც თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამასთან, როგორც რეტროს სხვა თანამშრომლები ამბობენ, ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არაა. 

მომხდარის შემდეგ რეტროში  შრომის ინსპექცია შევიდა. ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერეს და 30 000 ლარით დააჯარიმეს. რეტრო სამსახური 15-მდე თანამშრომელმა დატოვა.

კომენტარები