რესტორანი რეტრო

შრომის ინსპექციამ რეტროს 2 ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერა და 30 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა თბილისსა და ბათუმში კომპანიის 3 ობიექტი შეამოწმა. შედეგად ორ მათგანს,შპს რეტროსა და შპს რესტრო 2-ს სამუშაო პროცესი შეუჩერეს, ამასთან ჯარიმის სახით 30 000 ლარი დააკისრეს. 

"უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო შპს რეტრო და შპს რესტრო 2 სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს".- ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციამ ბათუმში რესტორან რეტროს მფლობელი თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-მ თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების საფუძველზე 4 ივნისს დაიწყო.

კადრები რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.

ფიზიკური ძალადობის მხვერპლის თემო მგზავრიძის თქმით, რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  ამასთან, როგორც რეტროს სხვა თანამშრომლები ამბობენ,  ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არაა. 

აღნიშნული ფაქტის შემდეგ რეტროში  შრომის ინსპექცია შევიდა. ამასთან სამსახური 15-მდე თანამშრომელმა დატოვა. 

 

კომენტარები