რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა ბლაგოდატნესა და მაკარივკის დასახლებები გაათავისუფლეს – მალიარი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიდამოებში, 2023 წლის 15 აპრილი.
Kai Pfaffenbach/Reuters

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს ორი სოფელი – ბლაგოდატნე და მაკარივკა. 

ამას გარდა, მალიარი წერს, რომ უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ როგორც ბახმუტის მიმართულებით, ისე სამხრეთით. 

"მიმართულებები საითაც იერიშები მიმდინარეობს: ბახმუტის მიმართულებით ჩვენი სამხედროები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს. არის მიღწევები ბერხოვის წყალსაცავის რაიონში. წინ წავიწიეთ 250 მეტრით. სამხრეთით წინსვლაა ორი მიმართულებით, 300-დან 1500 მეტრამდე. დეოკუპირებულია ბლაგოდატნესა და მაკარივკის დასახლებული პუნქტები. მიმართულებით, სადაც ჩვენი სამხედროები თავს იცავენ – არც ერთი პოზიცია დაგვიკარგავს". – წერს მალიარი.

აქამდე, 11 ივნისს ოლექსი დოვბუშის სახელობის 68-ე იეგერთა ცალკეულმა ბრიგადამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ბლაგოდატნეს დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქტიური იერიშები მიაქვთ მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზებზე.

კომენტარები