რუსეთი

რუსეთის საგარეო: 7 ნოემბრიდან რუსეთი საბოლოოდ შეაჩერებს CFE-ის ხელშეკრულებას

ვლადიმირ პუტინი და სერგეი ლავროვი, 2018 წლის 17 ოქტომბერი
AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7 ნოემბრიდან რუსეთი საბოლოოდ შეაჩერებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულებას. 

"რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს აცნობა გადაწყვეტილებაზე, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 150 დღეში CFE-ის ხელშეკრულებას დატოვებს". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

"ცხადია, რომ ახალი ვითარება აღნიშნულ ხელშეკრულებას წარსულის გადმონაშთად აქცევს. ჩვენს ოპონენტებს იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეთ, რომ რუსეთი ოდესმე მას დაუბრუნდება". - აღნიშნეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსმა დიპლომატებმა. 

რუსეთის საგარეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დატოვებაზე გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი როლი ფინეთისა და სამომავლოდ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ფაქტორმა ითამაშა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ ევროპაში შეიარაღებული ძალების უსაფრთხო და სტაბილურ ბალანსს არღვევს და შესაბამისად რუსეთისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. 

NATO-მ ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება დაგმო და რუსეთს მის საბოლოო აღსრულებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ და ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისკენ მოუწოდა. 

ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკვე მრავალი წელია არღვევს CFE-ის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის უკრაინასთან წარმოწყებული აგრესიული ომით. მიმართვის თანახმად, მოსკოვის მხრიდან ეს ნაბიჯი იარაღის კონტროლის უგულებელყოფის კიდევ ერთი მოწმობაა.  

ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში NATO-სა და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკების წევრმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება აწესებს შეზღუდვებს ჩვეულებრივ შეიარაღებაზე - მძიმე ტექნიკაზე, არტილერიაზე ავიაციაზე და ა. შ. ევროპის ტერიტორიაზე.

1996 წელს ხელი მოეწერა საბოლო დოკუმენტის დამატებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ ვითარებას ითვალისწინებდა და რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ახალ საფლანგო   შეზღუდვებს უწესებდა დასავლეთისა და კავკასიის მიმართულებით. ჩეჩნეთის ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ეს შეზღუდვები დაარღვია.

2007 წელს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ CFE-ს შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმი გამოაცხადა, რის საბაბიც გახდა აშშ-ს  გეგმები პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის განლაგებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რუსეთი აღარ იცავს დაწესებულ შეზღუდვებს,  უარს ამბობს შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პარტნიორებისთვის და საკუთარი შეიარაღებულ ძალების ინსპექტირებაზე.

კომენტარები