საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

სასულიერო აკადემია და სემინარია მეტრეველს საზოგადო მოღვაწეს უწოდებს და არჩევას ულოცავს

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია როინ მეტრეველს საზოგადო მოღვაწეს უწოდებს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

“2023 წლის 7 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ ხმათა უმრავლესობით აკადემიის პრეზიდენტად აირჩია გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითადად ულოცავს ბატონ როინს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!” – ნათქვამია განცხადებაში.

7 ივნისს როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.

1972 წელს მეტრეველი ცკ-ის პირველი მდივნის პოზიციაზე ედუარდ შევარდნაძის კონკურენტი იყო. შევარდნაძემ მეტრეველის მოშორება მოახერხა და საქართველოს კომპარტიიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა. ამის შემდეგ როინ მეტრეველი ცკ-დან გაუშვეს.

1972 წელს როინ მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ დაინიშნა.

1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

1988 წლის 1 ნოემბრიდან როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას ასრულებს. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.

1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაში – კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში როინ მეტრეველის რექტორობის დროს კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი. 

"ინსტიტუციონალური რეფორმების არარსებობამ და კორუფციის გავრცელებამ დაანგრია თსუ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. ქრთამის აღება უნივერსიტეტში ენდემური პრობლემა იყო. ზოგიერთი შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში სწავლისთვის ქრთამის სახით 15 000-დან 30 000-მდე დოლარის გადახდა იყო საჭირო. ეს უკანონო შემოსავლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჯიბეში ჩაიდო. თსუ-ის სტუდენტები  ინსტიტუციური ცვლილებების მთავარ დაბრკოლებად რექტორ როინ მეტრეველს თვლიდნენ. მეტრეველი თანამდებობას 1992 წლიდან იკავებდა. პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების მხარდაჭერით, მან ცალმხრივად შეცვალა უნივერსიტეტის წესდება, რათა მესამე ვადით კენჭი ეყარა". – წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში.

1993 წლიდან ის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2007 წლიდან კი აკადემიკოს მდივანი ხდება.

2013 წლიდან დღემდე როინ მეტრეველი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი იყო.

კომენტარები