ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, შევარდნაძე 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წელს გურიის სოფელ მამათში დაიბადა. მისი პოლიტიკური კარიერა 1957 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში დაიწყო. 

1965 წლიდან საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამ დროს მან ფართო კამპანია დაიწყო ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ, მისი უშუალო მითითებით დააკავეს იმ დროის საბჭოთა ნომენკლატურის მრავალი თანამდებობის პირი. ამ პერიოდში მის უშუალო მფარველად საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს შოლოკოვს მიიჩნევდნენ.

1970 წლიდან მან ბრძოლა ცკ-ის პირველი მდივნობისთვის დაიწყო. ეს თანამდებობა მაშინ ვასილ მჟავანაძეს ეკავა, რომელიც მემკვიდრედ როინ მეტრეველს ამზადებდა. 1972 წელს შევარდნაძემ მეტრეველის მოშორება მოახერხა და საქართველოს კომპარტიიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა. მის სახელთან დაკავშირებულია ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები და გადაწყვეტილებები - როგორც 1978 წელს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება, ასევე მაშინდელი ქართველი დისიდენტების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დევნა, თენგიზ აბულაძესთან თანამშრომლობა ფილმ მონანიების შესაქმნელად და ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე, სპექტაკლ ”ყვარყვარე თუთაბერის” ოფიციალური დაგმობა და არაოფიციალური მოწონება, ეკონომიკის არნახული ცენტრალიზების სურვილი და აბაშის ექსპერიმენტის დაწყება, რაც კერძო საკუთრების ქონის შესაძლებლობას იძლეოდა. 

1985 წელს ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გახდა, რომელმაც გარდაქმნისა და ღიაობის პოლიტიკა წამოიწყო. შევარდნაძე გორბაჩოვმა მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად მიიწვია. შევარდნაძე საბჭოთა კავშირის სახელით თითქმის ყველა უმაღლესი რანგის მოლაპარაკებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გერმანიის გაერთიანების შესახებ. 1990 წელს მან აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა ბერინგის ზღვის აკვატორიის შტატებისთვის გადაცემას შევარდნაძე- ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 

1990 წელს გარდაქმნის შეჩერებისა და დიქტატურის მოსალოდნელი დამყარებისადმი პროტესტის ნიშნად შევარდნაძემ საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. 

საქართველოში შევარდნაძე 1992 წლის მარტში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დაბრუნდა. დაბრუნებიდან ცოტა ხანში შევარდნაძემ ძალაუფლების ლეგიტიმაცია არჩევნების ჩატარების გზით მოახერხა და ოფიციალურად გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1995 წელს მან ხელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას მოაწერა და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდთანაა დაკავშირებული როგორც ქვეყნის დსთ-ში შესვლა, ასევე ნატო-ში გაწევრიანების სურვილის ოფიციალური გაცხადება, როგორც დემოკრატიზაციისთვის მნიშნველოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში კომუნისტური ნომენკლატურის დაბრუნება, როგორც ძალაუფლების ცენტრალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯები ასევე აჭარაში ასლან აბაშიძის გაძლიერება, როგორც ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის ხელის შეწყობა, ასევე მათ წინააღმდეგ ბრძოლაც. 

შევარდნაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანა, ასევე 1999 წლის სტამბოლის ისტორიული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. 

პრეზიდენტ შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი - 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში, 1995 წლის29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის (იმელის) ეზოში და 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე. 

2002 წელს შევარდნაძის პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წააგო, იმავე წლის სექტემბერში კი, შევარდნაძემ განაცხადა რომ 2005 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პენსიაზე გავიდოდა. უკვე ასაკში შესული შევარდნაძის ამ განცხადებამ მის გუნდში ბრძოლას შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ახალი ბიძგი მისცა. 

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ჯარის გამოყენებაზე უარი თქვა. საქართველოს მეორე პრეზიდენტი 23 ნოემბერს გადადგა თანამდებობიდან.

კომენტარები