რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად ერდოღანი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7 ივნისს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან ტელეფონით საუბრისას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილა და საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელიც მომხდარს გამოიძიებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად ერდოღანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. 

"პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ კონფლიქტი გრძელდება, შეუძლებელია ჰუმანიტარული დანაკარგების თავიდან აცილება, ამიტომ მოლაპარაკებებზე დაბრუნების იდეა წინა პლანზე უნდა დარჩეს". - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ერდოღანის თქმით, თურქეთი სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად მტკიცე ძალისხმევას გააგრძელებს. 


6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.

მანამდე უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. 

ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.

2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

სააგენტოს განმარტებით, დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. 

დეტალურად რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ:

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები