რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: შესაძლოა, რუსეთმა უკან დახევის გადასაფარად კახოვკის ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, არსებული ინფორმაციით, რუსეთი იწყებს ხარკოვის ოლქის დატოვების პროცესს და ამჟამად ცდილობს ინფორმაციული პირობების შექმნას ტერიტორიების დატოვების გასამართლებლად. 

ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები ემზადებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმისა და შემდეგ მის დანგრევაში უკრაინის დადანაშაულებისთვის. ინსტიტუტის მიხედვით, რუსეთს სჯერა, რომ კაშხლის დანგრევამ, შესაძლოა, გადაფაროს მათ მიერ დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევა და დროებით შეაჩეროს უკრაინელები მდინარის გადაკვეთისგან. 

კვლევითი ცენტრის მიხედვით, რუსეთი კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ეგიდით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი მოსახლეობის იძულებით რუსეთში გადაყვანას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი არ იღებს არანაირ ეკონომიკურ სარგებელს ათი ათასობით უკრაინელის იძულებით გადაადგილებით, შესაბამისად, ამის მიზეზი დიდი ალბათობით:

1) უკრაინის ეკონომიკის გრძელვადიანად დაზიანებაა;

2) უკრაინელების ეთნიკური წმენდის ხელშეწყობა. ასევე, რუსეთმა, შესაძლოა, ევაკუირებულ უკრაინელებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებში მსახურება აიძულოს და ამით გადაფაროს უზარმაზარი დანაკარგი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში 16 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქი თითქმის სრულად გაათავისუფლეს. 

"დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქის დეოკუპაცია მოვახდინეთ. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. მათ მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფერი მოაქვს". - წერს ზელენსკი.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები