რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ნანგრევებიდან წყალი გადმოედინება.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა აღნიშნული ქმედება სისასტიკის ახალ, კიდევ უფრო მძიმე გამოვლინებად შეაფასა. 

"კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებას წარმოადგენს, რომელიც ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად". - ბორელი 

“ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება." - მეცოლა 

“ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკეს”.- სტოლტენბერგი.

ამ დროისთვის უცნობია, 6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ზუსტი მიზეზი. 

უკრაინული მხარე კაშხლის აფეთქებაში რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს. რუსეთი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და საბოტაჟს უწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰესი ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2022 წელს მოექცა. 

24 ოქტომბერს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იუწყებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მანამდე უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. 

ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.

2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

სააგენტოს განმარტებით, დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. 

რა მოხდა 6 ივნისს?

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ გადმოედინება წყალი კაშხლიდან.

გავრცელებულ კადრებს შორის ვხვდებით ჩანაწერს, სადაც წყალქვეშა აფეთქება ჩანს. ამასთან, ერთ-ერთ ვიდეოში ვიდეოს ავტორი იუწყება, რომ ჰესზე იერიში რაკეტების საშუალებით არ მიუტანიათ. წყალქვეშა აფეთქების კადრების ავთენტურობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კახოვკის აფეთქების შედეგად დატბორვის დიდი საშიშროება შეექმნა მიმდებარე რაიონებს, განსაკუთრებით  მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. სამინისტროს ცნობით, 80-მდე დასახლება, რომელთა უმეტესობა რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, პოტენციური დატბორვის საფრთხის ქვეშაა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება უკვე მოხერხდა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

რატომ არის კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი?

კახოვკის კაშხალი ქალაქ ხერსონთან მდებარეობს. ეს ტერიტორია ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხერსონზე კონტროლი 2022 წლის მარტში მოიპოვეს, თუმცა უკრაინამ ნოემბერში ქალაქის დაბრუნება შეძლო. რუსულმა სამხედრო ძალებმა უკან დაიხიეს და მდინარე დნეპრის სამხრეთ ნაწილში განთავსდნენ. რუსეთი დღემდე აკონტროლებს სამხრეთ სანაპიროს დიდ ნაწილს, ჩრდილოეთი - უკრაინელებს უკავიათ.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები