ყოფილი ცოლის მკვლელობა

ადვოკატი ყოფილი ცოლის გაგუდვაში ბრალდებულზე: მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

მანქანაში ყოფილი ცოლის თოკით გაგუდვაში ბრალდებულის ადვოკატი, ლევან მარსაგიშვილი ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"ბრალი ჯერ არ წარდგენია. რაც შეეხება მის პოზიციას - რაც მე საქმეში ჩავერთე, ეს ადამიანი გამოკითხული არ ყოფილა [...] როგორც ირკვევა, ამ ადამიანს ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე პრობლემები აქვს. კერძოდ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობასაც გადიოდა. დაწესებულების დატოვების შემდეგ კი ის სისტემატიურ მკურნალობას გადიოდა და ექიმის დანიშნულებით ფსიქიატრიულ მედიკამენტებს იღებდა". - ამბობს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო. დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები