რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გუტერეში: ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ ხერსონის ოლქში კახოვკის ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ ხერსონის ოლქის ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ. [...] დღევანდელი ტრაგედია არის კიდევ ერთი მაგალითი ომის საზარელი ფასისა. ტანჯვის წყალდიდობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს."- თქვა გუტერეშმა

ამასთან, გუტერეშის თქმით, გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები უკრაინას დახმარებას რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნიან.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები