კრიმინალი

თანხის გამოძალვის მიზნით მოტყუებით წაიყვანეს, სცემეს და დაემუქრნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე 4 ადამიანი დააკავა. 

დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული მ.ბ. 2001 წელს დაბადებული გ.მ. 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1972 წელს დაბადებული პირი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ. 

ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები