რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოპერაციით უკრაინის დაზვერვამ ღირებული ინფორმაცია მოიპოვა – იუსოვი

ადნრიი იუსოვი

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრიი იუსოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში განვითარებული მოვლენების შედეგად უკრაინის დაზვერვამ ღირებული ინფორმაცია მოიპოვა

"ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, უკრაინის დაზვერვისთვის ღირებული ინფორმაცია შეგროვდა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, არ გასაჯაროვდება". - აღნიშნა იუსოვმა. 

მან ასევე თქვა, რომ შეჭრის მიზანი "პუტინის ძალაუფლების აპარატის ამოწურვის დაჩქარება" და ქვეყნის შიდა შეტევების მიმართ რუსეთის დაუცველობის გამოვლენა იყო.

იუსკოვი ეხმიანება კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული მოხალისეთა კორპუსის ჯგუფები, რომლებმაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავად აიღეს, ნამდვილად საბრძოლო დაზვერვის მსგავსად მოქმედებენ, რათა გაიგონ, თუ რას გააკეთებს რუსეთი საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში. 

გუშინ, 27 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მესაზღვრეების დღისადმი მიძვღნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საბრძოლო ზონის მახლობლად საზღვრების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ცალკე მდგომი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საბრძოლო ზონასთან საზღვრების საიმედო დაცვა". - თქვა პუტინმა. 

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები