რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინის არმიის მიღმა მყოფ ჯგუფებზე აღჭურვილობის გაცემის ნებართვა არ გაგვიცია

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პენტაგონის სპიკერი, ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, რომლებშიც ირწმუნებოდნენ, რომ ბელგოროდში მომხდარ შეტაკებები პროუკრაინული ჯგუფები ამერიკული წარმოების ტექნიკას იყენებდნენ. ვიდეოში ჩანდა დაზიანებული Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები.

გენერალი რაიდერის თქმით, აშშ-ს მესამე მხარეზე შეიარაღების გაცემის ნებართვა არ გაუცია.

"აშშ-ს მთავრობას არ გაუცია ნებართვა მესამე მხარის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარეთ მყოფი გასამხედროებული ორგანიზაციებისთვის აღჭურვილობის გადაცემაზე, არც უკრაინის მთავრობას მოუთხოვია მსგავსი გადაცემა". - თქვა პენტაგონის სპიკერმა.

გენერალმა რაიდერმა აღნიშნა, რომ მსგავს კადრებს გადამოწმება სჭირდება. მაგალითად მან გასულ დღეებში გავრცელებული დეზინფორმაცია მოიყვანა - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, რომელშიც თითქოსდა პენტაგონის შენობა იწვოდა.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე". ცნობას უარყოფს ლეგიონი რუსეთის თავისუფლება.

კომენტარები