რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია: უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნა, შესაძლოა, ივლისში დაიწყოს

აშშ-ს F-16 ერაყში, 2008 წელი
U.S. Air Force photo by Master Sgt. Andy Dunaway

23 მაისს დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნას ივლისში დაიწყებენ.

"ჩემი მოლოდინებით, ივნისის ბოლოს ჩვენ ისინი [F-16-ები] ოფიციალურად გვექნება გამზადებული, ასე რომ, იმედია, ამის შემდეგ დავიწყებთ." - უთხრა პულსენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში მინისტრებთან შეხვედრის წინ.

ამერიკის საჰაერო ძალების მდივნის, ფრენკ კენდალის თქმით, უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კომენტარები