კათოლიკე ეკლესია საქართველოში

ბუზმარეთის ეკლესიასთან მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

catholic.ge

მესხეთში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

18 მაისს კათოლიკე ეკლესიამ ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. როგორც სააგენტო წერს, მეხეთში მცხოვრები კათოლიკეები ამ დღეს ბუზმარეთში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში არსებულ ტაძარს მოილოცავენ და წირვასაც იქ აღავლენენ.

კათოლიკე სასულიერო პირებმა მრევლის სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვა აიღეს, თუმცა, პრობლემები მათ ბუზმარეთის ტაძართან შეექმნათ.

მომლოცველებს, ტერიტორიები, სადაც გასულ წლებში წირვა აღევლინებოდა, ჩახერგილი დახვდათ – ერთ ადგილას მართლმადიდებელი მღვდლის მანქანა იდგა, მეორე ადგილას კი, ტაძრის ეზოდან გამოსული წყლის გუბეები იდგა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბოლო წლებში მართლმადიდებელი სასულიერო პირები კათოლიკე მღვდელმსახურებს ტაძრის ეზოში წირვის აღვლენის უფლებას არ აძლევდნენ, ამის გამო, წირვა ეზოს გარეთ, ტყეში აღევლინებოდა. თუმცა, წელს მომლოცველებს ამაზეც პრობლემა შეექმნათ.

კათოლიკე სასულიერო პირმა, არლის სამრევლოს ვიკარმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა მართლმადიდებელ სასულიერო პირს წირვის ტაძრის ეზოს გარეთ აღვლენისთვის მანქანის გადაყენება სთხოვა, თუმცა, მისგან უარი მიიღო.

"ამ მანქანას არ გავწევ მე, ტო. ტყე ამხელაა და სადაც გინდა იქ ჩაატარე". - ასე უპასუხა მამა ბექა ჩილინგარაშვილს მართლმადიდებელმა ბერმა, იოანემ.

მიუხედავად ამისა, კათოლიკე მღვდელმსახურმა საკურთხეველი მთავარი შესასვლელის წინ მოაწყო და ლიტურგია დაიწყო. ამაღლების სადღესასწაულო წირვა გორის სამრევლოს მოძღვარმა, მამა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა, რომელმაც მრევლს უთხრა, რომ თავიანთი რწმენის არ უნდა შერცხვეთ და წინაპრების სალოცავ ადგილებს პატივი უნდა მიაგონ.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბუზმარეთის სახელს ადიგენში, საქართველო-თურქეთის საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა, კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან. 

ბუზმარეთის ეკლესიის გადაცემას კათოლიკე ეკლესია საქართველოში წლებია მოითხოვს.

კომენტარები