კათოლიკე ეკლესია საქართველოში

TDI ბუზმარეთზე: ვგმობთ, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობას

sknews.ge

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს სოფელ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურების ხელშეშლის მცდელობას. ორგანიზაცია, მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემას, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობას, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკასა და წლების განმავლობაში კათოლიკეების მიერ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.

"უკანასკნელი წლების განმავლობაში  კა­თო­ლი­კე­ მორწმუნეებს ტა­ძარ­ში მის­ვ­ლა მხო­ლოდ სადღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში შე­ეძ­ლოთ. იმის გამო, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები მათ შენობაში არ უშვებენ, კათოლიკეები წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მი­დი­ან ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად და გა­რეთ, ტყე­ში ლო­ცუ­ლო­ბენ.

კათოლიკეებს საპატრიარქოს მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ სხვა ისტორიული ტაძრების მოლოცვის დროსაც. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში,  ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით, ქუთაისში გაიმართა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მიმლოცველობის რიტუალი, რომლის დროსაც კათოლიკეები მათთვის მნიშვნელოვან ხუთ ადგილას აპირებდნენ გაჩერებას". – ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტისგან უარის მიღების შემდეგ კათოლიკე მომლოცველები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისაკუთრებულ, ამჟამად, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში შესვლას არ აპირებდნენ, მათ ეკლესიის მიმდებარე პერიმეტრი ჩაკეტილი და ლენტით შემოსაზღვრული დახვდათ. 2023 წლის მაისში კი ტაძრის ტერიტორიაზე საპატრიარქომ ჭიშკარი აღმართა და ტაძრის ადგილი შემოსაზღვრა.

კათოლიკე ეკლესია მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აქაც კათოლიკეთა ისტორიული კვალის წაშლას ცდილობს, ტაძრიდან გამქრალია ორღანი და სხვა რელიგიური ნივთები, რომლებიც იქ კათოლიკე ეკლესიამ დატოვა, მთავარ შესასვლელთან კი დადგმულია ახალი ფრესკა. 

TDI ხაზს უსვამს, რომ ბუზმარეთის ეკლესია ერთ-ერთია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული იმ ეკლესიებიდან, რომელთა რესტიტუციასაც ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ითხოვს.  ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, მნიშვნელოვანი რელიგიური ქონება დაკარგა კათოლიკე ეკლესიამაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  სახელმწიფომ ჩამორთმეული ქონება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, სხვა ისტორიულ მესაკუთრეებს არ დაუბრუნა. მართლმადიდებელ ეკლესიას კი, მისი საკუთრების გარდა, გადაეცა სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონებაც, რომლებითაც დღემდე სარგებლობს და უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია საქართველოში ექვსი ტაძრის რესტიტუციას ითხოვს. ეს ტაძრები მდებარეობს გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული, მართლმადიდებელი ეკლესია ცვლის მათ იერსახეს და შლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის დამადასტურებელ მახასიათებლებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება და შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება. 

"სახელმწიფოს მხრიდან რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობა, დომინანტური რელიგიური ორგანიზაციისთვის მინიჭებული პრივილეგიები, ისტორიულ უსამართლობაზე დუმილი და დისკრიმინაცია, უთანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა". – ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

18 მაისს მესხეთში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ქართველ კათოლიკეებს ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არ მიეცათ. 

ფაქტს 19 მაისს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი სასულიერო პირის თვითნებობის დაგმობის ნაცვლად, კათოლიკეები პროვოკაციაში დაადანაშაულა

კომენტარები