G7

ბაიდენი G7 სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავიდა

Evan Vucci/AP

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჰიროშიმაში გასამართი დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იაპონიაში ჩავიდა.

ჩასვლიდან მალევე, ჩინეთის მზარდი სამხედრო და ეკონომიკური ამბიციების ფონზე შეერთებული შტატებისა და იაპონიის ახლო ურთიერთობების ხაზგასასმელად, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ ჯეიკ სალივანთან და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან მაღალი რანგის შეხვედრა გამართა.

"მთავარი ისაა, ბატონო პრემიერმინისტრო, რომ როდესაც ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ. მჯერა, რომ ასე მსოფლიოც უფრო დაცულია… ჩვენ მყარად ვდგავართ საერთო ღირებულებების სადარაჯოზე, რაც მოიცავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების დაცვაში მამაცი უკრაინელი ხალხის დახმარებას და სასტიკი აგრესიის გამო რუსეთისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას". - უთხრა ბაიდენმა მასპინძელს.

ამერიკის პრეზიდენტის აზიური ტურნე თავდაპირველად რვა დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში დეფოლტთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებების გასამართად ბაიდენს ვაშინგტონში დაბრუნება დროზე ადრე უწევს. სწორედ ამან გამოიწვია აზიური ტურნეს ფარგლებში QUAD-ის წევრების სამიტისა და პაპუა-ახალ გვინეაში ისტორიული ვიზიტის გაუქმება.

იაპონია დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც აზიაში მდებარეობს. სწორედ ამიტომ, სამიტი აზიის კონტინენტზე შვიდ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებების და ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მზარდი აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიების გამო წლევანდელმა სამიტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

კომენტარები