რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანი: რუსული ბაზრის დაკმაყოფილებას ვცდილობთ, თუმცა, სანქციები ჩვენთვის წითელი ხაზია

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს და სადაც შესაძლებელია, რუსული ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, სანქციები ერევნისთვის წითელი ხაზია. ამის შესახებ ფაშინიანმა ჩეხურ გამოცემა Respekt-თან ისაუბრა.

"არაერთი ტიპის საქონელი, რომელიც ადრე პირდაპირ რუსეთში შედიოდა, ახლა სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების გავლით შედის. მაგალითად სასმელები, რომლებსაც სანქციები არ შეხებია, პრობლემური არ არის. 2022 წლის თებერვლამდე სასმელები რუსეთში პოლონეთისა და ბელარუსის გავლით შედიოდა, ახლა კი სომხეთის გავლით იგზავნება. საქმე მხოლოდ გამტარი გზების ცვლილებაში არ არის, ევროპული გადამზიდების უმრავლესობა რუსულ ბაზართან პირდაპირ თანამშრომლობაზე უარს ამბობს. რუსული გადამზიდებს კი პოლონეთში საქონელი ვერ ჩააქვთ. შესაბამისად, შეიქმნა ახალი ლოგისტიკური მარშრუტები, მათ შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. თუმცა, რაც შეეხება სანქცირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, ვცდილობთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვიმოქმედოთ. ვთანამშრომლობთ როგორც ევროკავშირთან და აშშ-სთან, ასევე, რუსეთთან. ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანა ვართ და რუსეთთან მჭიდრო ეკონომუკური კავშირები გვაქვს. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ რუსული ბაზარი იქ, სადაც ეს შესაძლებელია. სანქციები კი ჩვენი წითელი ხაზია. ჩვენ ამას რუსებს ხაზგასმით ვეუნებით – თქვენთვის ზიანის მოყენება არ გვსურს, თუმცა, ვერ დავუშვებთ, რომ სომხეთს სანქციები დაუწესდეს. ამაში საიდუმლო არაფერია". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები