საქართველო-რუსეთი

სტანო: რუსეთთან ფრენებზე მთავრობის გადაწყვეტილება EU-ს წევრობის გზაზე საქართველოს აფერხებს

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ საქართველოსთვის პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არაა თანხმობაში საქართველოს მიერ საგარეო პოლიტიკაში აღებულ ვალდებულებებთან. 

"გვაშფოთებს საქართველოს გადაწყვეტილება განაახლოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები, გასულ კვირას რუსეთის მიერ აკრძალვის მოხსნის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირი და მრავალი სხვა ქვეყანა აწესებს სანქციებს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ - ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთისკენ და არც რუსეთის თავზე. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნას და საქართველოს ხელისუფლების ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე და, ამასთანავე, არაა თანხმობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ვალდებულებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში". - ამბობს სტანო. 

ამასთანავე, მისი თქმით, შემცირებულია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი - 44%-დან 31%-მდე. 

"ასე რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა შემცირდა ისედაც დაბალი 44%-დან მხოლოდ 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ძალიან სამწუხაროა". - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი.

პიტერ სტანომ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ არ არის უსაფრთხო რუსეთის საავიაციო სექტორის საქართველოში თავისუფლად შემოშვება. 

"ნება მომეცით გავიმეორო ის, რასაც ვამბობდი გასულ კვირას, და გავიხსენო გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შეშფოთება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა რუსეთის საავიაციო სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოების შესახებ". - განმარტა სტანომ. 

10 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და გაუქმდა პირდაპირ ფრენებზე აქამდე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გააუქმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების გაფრთხილება.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ჯერ კიდევ 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

კომენტარები