რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობა ბრექსიტმა განაპირობა – ჯეიკობ რის-მოგი

ბრექსიტის შესაძლებლობათა და სახელმწიფოს ეფექტიანობის ყოფილმა მინისტრმა, ჯეიკობ რის-მოგმა თქვა, რომ ბრექსიტმა ბრიტანეთს საშუალება მისცა, უკრაინასთან მიმართებით "გლობალური ლიდერობა" გამოეჩინა, რამაც "პუტინისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელი გახადა". 

ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა ეს კომენტარი, რაც Sky News-ის კვირის გადაცემაში ჰკითხეს, თუ რა სარგებელი მოიტანა ბრიტანეთისთვის ევროკავშირის დატოვებამ.

რის-მოგმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო კოალიციის შექმნა, რომელმაც პუტინის წარმატება შეუძლებელი გახადა. ეს კი ბორის ჯონსონმა მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ თანამშრომლობის აუცილებლობით შებოჭილი არ იყო.

"ჩვენ შევძელით გლობალური ლიდერობის ჩვენება უკრაინასთან მიმართებით. პუტინი, ალბათ, წარმატებით შეიჭრებოდა უკრაინაში, თუ გაერთიანებული სამეფო თანამშრომლობის საჭიროებით შებოჭილი იქნებოდა და რუსეთთან ურთიერთობისას ფრანგულ-გერმანული ხაზის გატარება მოუწევდა, სწორედ ის, რაც 2014 წელს გავაკეთეთ". - თქვა რის-მოგმა. 

რის-მოგი ბორის ჯონსონის მიერ თებერვალში გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კიევისთვის იარაღის მიწოდებისას ჯონსომა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დატოვებამ ბრიტანეთს საშუალება მისცა, "საქმეები სხვანაირად გაეკეთებინა". მან აღნიშნა, რომ ბრექსიტის გამო ბრიტანეთმა შეძლო ის გადაწყვეტილები მიეღო, რომლებიც ევროკავშირის მიდგომებისგან ძალიან განსხვავდებოდა.


11 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა დაადასტურა, რომ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით ამარაგებენ. უოლასის თქმით, ეს იარაღი უკრაინას მისცემს "საუკეთესო შანსს", დაიცვას საკუთარი თავი.

ამ ტიპის რაკეტები მონტაჟდება თვითმფრინავზე და მათი რადიუსი 250 კილომეტრია. გაშვების შემდეგ, რაკეტა დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, რათა რადარებს მისი დაფიქსირება გაუჭირდეთ. რაკეტა აღჭურვილია ინფრაწითელი სამიზნით. მისი შესაძლებლობები უკრაინელ პილოტებს მისცემს საჰაერო იერიშების შორი მანძილიდან მიტანის საშუალებას.

უოლასის თქმით, უკრაინელებს რაკეტები დაეხმარებათ "უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ბაზირებული რუსული ძალების უკუქცევაში". მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა "განაგრძო ბნელ გზაზე სიარული", უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანით. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დეკემბერში მან რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს მიწერა, რომ მორიგი თავდასხმების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო უკრაინას უფრო დიდი შესაძლებლობების შეიარაღებას გადასცემდა.

კომენტარები