რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის სახალხო პარტია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითხოვს – POLITICO

ევროპის სახალხო პარტია (EPP) გამოეხმაურა უკრაინის სურვილს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პარტიის პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა NATO-ს მიღმა არ წარმოუდგენიათ.

"ჩვენ არ წარმოგვიდგენია უკრაინა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიღმა ომის შემდეგ." - ამბობს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი.

ევროპარლამენტის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც სამხედრო ალიანსს გრძელვადიან პერსპექტივაში კიევის NATO-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

"EPP ჯგუფი მოელის, რომ ვილნიუსისა და ვაშინგტონის მოახლოებული სამიტები გზას გაუხსნის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მოწვევას და რომ გაწევრიანების პროცესი დაიწყება ომის დასრულების შემდეგ და რაც შეიძლება მალე დასრულდება." - ნათქვამია EPP -ის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში.

ჯგუფის თქმით, ეს ნაბიჯი სამხედრო ალიანსს გააძლიერებს და ევროპაში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯი იქნება. 

ამჟამად, ალიანსის უკრაინასთან ურთიერთობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე NATO-მ ბუნდოვანი პირობა დადო, რომ უკრაინა ალიანსს  საბოლოოდ შეუერთდებოდა.

იმისდა მიუხედავად, რომ მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა სამხედრო ალიანში ახლა ვერ გაწევრიანდება, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, უნდა დააკონკრეტოს თუ არა ალიანსმა საბოლოო გაწევრიანების პირობა და როგორი უნდა იყოს უკრაინასთან ურთიერთობა ამ ეტაპზე.

"NATO-მ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინის გაწევრიანების გრაფიკის დასადგენად, ან ვილნიუსის სამიტზე, ან 2023 წლის ბოლოსთვის." - წერდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

კომენტარები