კრიმინალი

"აუცილებელი ზომების გადაცილება" – გოგებაშვილზე მკვლელობის გამო დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გოგებაშვილზე 4 მაისს მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს. უწყების განცხადებით, კაცმა დამნაშავის შეპყრობის აუცილებელ ზომებს გადააცილა. 

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრონელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართლებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი "გლოკ 17" მოდელის ცეცხლსაროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს პროკურატურის განმცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს - კ.კ. ამბობს, რომ თავდამსხმელი გააფრთხილა, რომ პოლიციიდან იყი, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, მან ხელი ჯიბისკენ წაიღო, სადაც მეორე იარაღი ჰქონდა.  

კომენტარები