კრიმინალი

"დავუძახე, სდექ, პოლიციააო" – გოგებაშვილზე მკვლელობის გამო დაკავებული ბრალს არ აღიარებს

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მისივე სიტყვებით, დაკავებული ყვება, რომ კაცი, რომელმაც მოქალაქეს ესროლა, გააფრთხილა, რომ პოლიციიდან იყო და გაჩერებულიყო, თუმცა მან "მეორე იარარისკენ წაიღო ჯიბეში ხელი". 

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა, იყო 2 იარაღით. 1 იარაღი იყო ვინჩესტერი, მეორე იყო მაკაროვის პისტოლეტი.  

პირველი, რაც გავაკეთე, დავუძახე, სდექ, პოლიციააო. მიუხედავად გაფრთხილებისა, მან მეორე იარაღისკენ წაიღო ჯიბეში ხელი და ეს იყო ზუსტად იმის საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავი და სხვისი სიცოცხლეც დაიცვა. იქ ბევრი მოქალაქე იყო. საყვავილემ გადაარჩინა. 

როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, 7 თვეა, ამ პიროვნებების დაცვაში იმყოფება. რაიმე კონფლიქტის შესახებ მისთვის უცნობია. არანაირი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. პიროვნება, რომელმაც გასროლა განახორციელა, მისთვისაც უცნობი იყო. პირველი გასროლა არ დაუნახავს, უბრალოდ, გაიგონა, შემოვბრუნდი, მეორე გასროლა დავინახე და დავუძახე, სდექ პოლიციააო. 

იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა, შენახვის უფლებაც ჰქონდა, აბსოლუტურად ყველა უფლება ჰქონდა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს". - ამბობს ადვოკატი. 

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, 4 მაისს მოხდა.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კ.კ. დააკავა

უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის, ბაჩო კვარაცხელიას თქმით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით  დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ლა ვერასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ.მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.

"ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა  ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა". – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები