საქართველო-აშშ

აშშ-ს საელჩო: ერთობლივად გადავწყვიტეთ, რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა სწავლებებზე

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე" - საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ "შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული".

"2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და ღირსეული პარტნიორი და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა" - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს კონტინგენტი არ მონაწილეობს Defender 23-ში, რომელიც 22 აპრილს დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ამ მოვლენაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს და ახსენა ლოგისტიკური ხარჯები. ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა. მისივე თქმით, საქართველო წელს მონაწილეობას მიიღებს 20 საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში.

საქართველო თავდაპირველად იყო NATO-ს წვრთნებში მონაწილეთა სიაში, რომელიც პენტაგონმა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა. თუმცა შემდეგში ინფორმაცია რამდენჯერმე განაახლეს.  თავდაპირველად ამოიღეს სომხეთი, რომლის სიაში ყოფნამაც რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. შემდეგში კი ქვეყნების ჩამონათვალი სრულად წაშალეს. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, "ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსი მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას."

"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა ღირსეული პარტნიორი და მტკიცე სული. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება მტკიცე სული 2023-ის წარმატებით ჩატარების მიზნით" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას რეგულარულად იღებდა და ზოგიერთი სამხედრო ვარჯიში აქაც ტარდებოდა. 

კომენტარები