საქართველო-აშშ

საქართველო არ მონაწილეობს NATO-ს წვრთნებში, რომლის მონაწილეთა სიაშიც თავდაპირველად ეწერა

ქართველი სამხედრო ღირსეული პარტნიორი 2020-ის დასრულების ცერემონიაზე, თბილისის შემოგარენი, 2020 წლის 18 სექტემბერი
Vano Shlamov / AFP

საქართველო არ მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ Defender 23-ის საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. ეს არის ყოველწლიური წვრთნები, რომელთა მიზანიც აშშ-ს, NATO-ს მოკავშირეთა და სხვა პარტნიორთა შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობისა და მზადყოფნის განვითარებაა. გასული წლის წვრთნებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო.

საქართველო თავდაპირველად იყო წვრთნებში მონაწილეთა სიაში, რომელიც პენტაგონმა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა. თუმცა შემდეგში ინფორმაცია რამდენჯერმე განაახლეს.  თავდაპირველად ამოიღეს სომხეთი, რომლის სიაში ყოფნამაც რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. შემდეგში კი ქვეყნების ჩამონათვალი სრულად წაშალეს. ცნობა პენტაგონის ვებგვერდზე კვლავ ამ სახით არის მოცემული. "ეს ამბავი განახლებულია, წინა ვერსიებისგან სიცხადისთვის. ბოდიშს გიხდით ნებისმიერი შესაძლო დაბნეულობისთვის", – წერია ცნობის საბოლოო ვერსიაში.

საქართველო NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას რეგულარულად იღებდა და ზოგიერთი სამხედრო ვარჯიში აქაც ტარდებოდა. 

Defender 23 22 აპრილს დაიწყო და საქართველოს კონტინგენტი მასში არ მონაწილეობს. 30 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ამ მოვლენაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს და ახსენა ლოგისტიკური ხარჯები. ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა. მისივე თქმით, საქართველო წელს მონაწილეობას მიიღებს 20 საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში.

"წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში და კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ჩვენ ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არ აქვს". – თქვა ბურჭულაძემ.

ტაბულა დამატებით დეტალებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო. უწყებისგან პასუხის შემთხვევაში ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

რუსეთის შეშფოთება და ჩამონათვალიდან ამოღებული სომხეთი

5 აპრილს პენტაგონმა გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო სამხედრო წვრთნებ Defender 23-ში მონაწილე ქვეყნების სია. სიის მიხედვით, აშშ-ს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას სომხეთიც მიიღებდა. თუმცა შემდეგ ვებგვერდზე ინფორმაცია განაახლეს – სომხეთი მონაწილეთა სიიდან ამოღებული იყო. პენტაგონმა ცნობას დაამატა შენიშვნა: "ამბავი განახლდა, რათა ზუსტად ასახავდეს Defender 23-ში მონაწილე ქვეყნებს. ბოდიშს გიხდით ნებისმიერი შესაძლო დაბნეულობისთვის". შემდეგში პენტაგონმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ Defender 23-ის ჩამონათვალში სომხეთის ჩაწერა პენტაგონის პრესსამსახურის შიდა შეცდომა იყო.

სამხედრო ვარჯიშები 22 აპრილს დაიწყო და დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება. საბოლოო ცნობებით, მასში მონაწილეობს 7 800-ზე მეტი ამერიკელი, ასევე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან 15 000-მდე სამხედრო. წვრთნები ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. ჩამონათვალიდან სომხეთის ამოღების შემდეგ ცნობაში ეწერა, რომ აშშ-ს ძალების გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ სამხედროები ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ნიდერლანდებიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

Defender 23-ის ჩამონათვალში სომხეთის მოხვედრას რუსეთის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. 12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვმა ერევანს აშშ-ს სწავლებებში მონაწილეობაზე განმარტება მოსთხოვა. ზახაროვას შეფასებით, მსგავსი ურთიერთქმედებები "ანტირუსულ" სახეს ატარებს და აშშ, მოკავშირეებთან ერთად, რეგიონის ქვეყნების რუსეთთან "თანამშრომლობის დისკრედიტაციას" ცდილობს. მისივე მტკიცებით, NATO-ს მსგავსი ქმედებები კონფლიქტების პოტენციალს ზრდის.

"აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ რეგიონის ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის დისკრედიტაციას, ითრევენ მათ სხვადასხვა ფორმატის ურთიერთქმედებებში. ისინი ცხადად ატარებენ ანტირუსულ სახეს, რომ არაფერი ვთქვა რუსოფობიაზე. NATO-ს მსგავს მოქმედებებს სხვადასხვა რეგიონებში დესტაბილიზაციურ სიტუაციებამდე, კონფლიქტების პოტენციალის ზრდამდე და ახალი გამყოფი ხაზების შექმნამდე მივყავართ". – ამბობდა ზახაროვა.

მონაწილეთა სიიდან ამოღების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს Defender 23-ის სიის საკითხზე დაუკავშირდა რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ წელს სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ძალების მიერ ორგანიზებულ სხვა ორ სამხედრო წვრთნებში – KFOR-ისა (კოსოვოს ძალები) და Sabre Junction-ის ვარჯიშებში.

ჩამონათვალში სომხეთის მოხვედრას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი, დმიტრი ბელიკიც.

"პერიოდულობით ხდება მოვლენები, რომელთა რეჟისორიც დასავლეთია და მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების პროვოცირება გამოიწვიოს ან ჩრდილში მოაქციოს ჩვენი ქვეყნის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა". – ამბობდა რუსი დეპუტატი.

კომენტარები