თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვა Defender 2023-ზე: სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციით რესურსი მივმართეთ სხვა სწავლებებზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  აშშ-ის მიერ ორგანიზებულ Defender 23-ის წვრთნების მონაწილე ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "მორიგ პროვოკაციას" უწოდებს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, "ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ" საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეული საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა ღირსეული პარტნიორი და მტკიცე სული. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება მტკიცე სული 2023-ის წარმატებით ჩატარების მიზნით

რაც შეეხება უშუალოდ სწავლება დამცველი 2023-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსი მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

Defender 23 22 აპრილს დაიწყო და საქართველოს კონტინგენტი მასში არ მონაწილეობს. 30 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ამ მოვლენაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს და ახსენა ლოგისტიკური ხარჯები. ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა. მისივე თქმით, საქართველო წელს მონაწილეობას მიიღებს 20 საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში.

ცნობისთვის, საქართველო თავდაპირველად იყო წვრთნებში მონაწილეთა სიაში, რომელიც პენტაგონმა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა. თუმცა შემდეგში ინფორმაცია რამდენჯერმე განაახლეს.  თავდაპირველად ამოიღეს სომხეთი, რომლის სიაში ყოფნამაც რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. შემდეგში კი ქვეყნების ჩამონათვალი სრულად წაშალეს. ცნობა პენტაგონის ვებგვერდზე კვლავ ამ სახით არის მოცემული.

"ეს ამბავი განახლებულია, წინა ვერსიებისგან სიცხადისთვის. ბოდიშს გიხდით ნებისმიერი შესაძლო დაბნეულობისთვის", – წერია ცნობის საბოლოო ვერსიაში.

საქართველო NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას რეგულარულად იღებდა და ზოგიერთი სამხედრო ვარჯიში აქაც ტარდებოდა. 

კომენტარები