რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Politico-ს ადგილობრივმა პოლიციამ დაუდასტურა

ბერლინის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზელენსკი გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით გაემგზავრება. 

მედიის ცნობით, ზელენსკი, სავარაუდოდ, ბერლინის აეროპორტის სამხედრო განყოფილებაში დაეშვება. მოგვიანებით, 14 მაისს მას ოფიციალური სამხედრო პატივით მიიღებს შოლცი, რომელთან ერთადაც უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებსა და პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთსაც შეხვდება. 

პოლიციის განყოფილების სპიკერმა ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.  

როგორც ცნობილია, შოლცსა და შტაინმაერთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აახენში გაემგზავრება, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე მას კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოვებენ. 

ამჟამად ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში იმყოფება. ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

კომენტარები