ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ბოკერია: თუ თვლით, მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი, განსაჯონ საქმეები მოქალაქეებმა

ამ კამპანიის გათვლა არ არის ის, რომ აუცილებლად ავტომატური შედეგი დადგება - ლაზარეს გირაოთი გაათავისუფლებენ, ან საერთოდ შეწყვეტენ ამ სამარცხვინო პროცესს. მე ვთვლი, რომ პრინციპული საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ პოზიციის მუდმივად გამეორება, სანამ ეს პრობლემა არსებობს. არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება ეს, არამედ, ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. პირველი - იმის გამო, რა ტიპის ამაზრზენი კამპანიაც აწარმოა რეჟიმმა ამ ადამიანების, კერძოდ ლაზარეს წინააღმდეგ. საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და მარტის პროტესტების მიმართ შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი, რომელიც არ აღშფოთდებოდა იმით, რომ ახალგაზრდა ადამიანის დემონიზება, მისი პერსონალური თვისებების გამო, პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე ხდება. რეალურად, ეს აჩვენებს ამ რეჟიმის ბუნებას. შესაბამისად, ვინც თვლის, რომ არცერთი მთავრობა არცერთ მოქალაქეს არ შეიძლება, რომ მსგავსად ექცეოდეს, მათთვის ეს პრინციპული საკითხია.

მეორე, იმ კამპანიისთვის, რაც წამოწყებულ იქნა, რომლის სათავეშიც არიან სამოქალაქო ჯგუფები, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვები, ეს არის ძალიან გასაგები მოთხოვნა, რომ მიუხედავად პოლიტიკური აზრისა, ეს საქმეები უნდა განსაჯონ ნაფიცმა მსჯაულებმა - არა სანქცირებულმა სამარცხვინო სასამართლომ, არამედ ნაფიცმა მსაჯულებმა. ჩვენს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი უკვე დანერგილია. რეალურად, ამ რეჟიმმა გააჩერა ინსტიტუტის გაფართოება, საქმეების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება ზუსტად იმიტომ, რომ ნაფიცი მსაჯულები არის საკვანძო ამბავი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ხელისუფლებას ამის დაშვება არ სურს. თუმცა, მე მივმართავ ყველას, ვინც ამბობს, რომ არ ამართლებს ამგვარ ქმედებას, რომ ლაზარე და თორნიკე უნდა დაისაჯონ, თუ თქვენ თვლით, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი, თუ თვლით, რომ არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები არცერთ საქმესთან დაკავშირებით, განსაჯონ ისინი ნაფიცმა მსაჯულებმა. ამისთვის უმარტივესი რამაა საჭირო -  იმ მუხლებზე, რომლითაც თორნიკესა და ლაზარეს ბრალი წაუყენეს, საკანონმდებლო ცვლილების შეტანა და ნაფიცთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება. 

რეალურად, ეს ისედაც გასაკეთებელია. ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ერთ-ერთი საკვანძო ამბავი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ყველა იმ საქმეზე გავრცელება უნდა იყოს, სადაც ადამიანს პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ილიას სიტყვებს: "ნაფიც მსაჯულები იმიტომაა სანატრელი და მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ამ შემთხვევაში მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა". ეს არის ამ კამპანიის არსი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ ადამიანები, რომლებსაც სერიოზული ბრალი აქვთ წაყენებული შეჯიბრებით პროცესში და არა ნებისმიერი კლანის, ან ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მოსამართლემ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და სანამ არ შესრულდება, სანამ ლაზარე ციხეშია, მანამდე ეს თემა დღის წესრიგიდან არ უნდა გაქრეს და ამ რეჟიმისთვის პრობლემად უნდა იქცეს.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

21 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 

კომენტარები