ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ითხოვს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ითხოვს. 

"ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის. მე არ ვიცი, ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. 

ლაზარე, როგორც მეუბნებიან, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინიაო. 

მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდე". - თქვა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.     


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები