საქართველო-რუსეთი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, რუსეთიდან LPG-ს იმპორტი 87%-ით გაიზარდა

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 87%-მდეა გაზრდილი. 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი წერს, 2023 წლის პირველ სამ თვეში LPG-ის თითქმის სრული იმპორტი რუსეთიდან მოხდა. უფრო ზუსტად, იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან 11.56 ათასი ტონა თხევადი გაზი შემოიტანეს, რაც ამ პროდუქტის სრული იმპორტის 99.7%-ს შეადგენს. ამავე მონაცემების მიხედვით კი გასული წლის იგივე მონაკვეთთან შედარებით LPG-ის სრული იმპორტი 87.7% არის გაზრდილი.

"2023 წლის იანვარ-მარტის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,60 ათასი ტონა, რაც 5,42 ათასი ტონით ანუ 87,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,18  ათასი ტონა) შედარებით. 2023 წლის 3 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7%  (11,56 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან". – წერს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნავს, რომ 2023 წლის პირველ მეოთხედში სანავთობო ბიტუმის ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან და ეს მთელი წილის 56.7%-ს წარმოადგენს.

"2023 წლის 3 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 14,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 5,1 ათასი ტონა (20,2%); თურქეთი - 4,6 ათასი ტონა (18,3%); აზერბაიჯანი - 1,2 ათასი ტონა (4,8%)". – წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში. 

კომენტარები