საქართველო-ევროკავშირი

EU-ს გზაზე პროგრესი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების შესრულებაზე – ვარჰეის პასუხი NGO-ებს

მთავრობის ადმინისტრაცია

ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს

"ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე". - აღნიშნა ვარჰეიმ. 

გთავაზობთ ოლივერ ვარჰეის წერილს:

ბრიუსელი, 17 აპრილი 2023

 საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძვირფასო წარმომადგენლებო,

მადლობას გიხდით თქვენი 2023 წლის 24 მარტის წერილისთვის საქართველოს მიერ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ნება მომეცით, პირველ რიგში ხაზი გავუსვა ჩვენს ერთგულებას ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში და ასევე არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების  ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის, ისევე როგორც, მისი წვლილისთვის პოლიტიკის ფორმირებაში.

როგორც თქვენს წერილშია აღნიშნული, 2022 წლის 23-24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილების შემდგომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში.

ამავდროულად, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა  ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის  გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე.

პატივისცემით,

ოლივერ ვარჰეი

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის 2023 წლის შუალედური შეფასების საჯაროობის თხოვნით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილობით მიმართეს. წერილში ვკითხულობთ, რომ შუალედური შეფასების გასაჯაროება ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას.

კომენტარები