საქართველო-ევროკავშირი

"მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო" – საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვარჰეის

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის 2023 წლის შუალედური შეფასების საჯაროობის თხოვნით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილობით მიმართეს.

წერილში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში საკმაოდ დიდია, ამავდროულად, განცხადებაში წერია, რომ ამ ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვნად შესასრულებლად.

"2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე." - ვკითხულობთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ წერილში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, ისინი მიესალმებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას 2023 წლის შუალედურ შეფასებასთან დაკავშირებით, რადგანაც "აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე."

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წერილში ვკითხულობთ, რომ შუალედური შეფასების გასაჯაროება ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას.

"იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას." - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების წერილში.

წერილს ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • კავშირი საფარი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • თბილისი პრაიდი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • მწვანე ალტერნატივა
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED)

კომენტარები