დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდა. უკრაინელებმა დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს - მათგან 10 დაღუპული.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, გადარჩენილი 5 ადამიანიდან ერთ-ერთი 14 წლის გოგოა, დაღუპულ 10 პირს შორის კი არის 2 წლის ბიჭი. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 24 ადამიანი.
სლავიანსკში 5-სართულიანი კორპუსი რუსმა ოკუპანტებმა 14 აპრილს, С-300 ტიპის რაკეტებით რვაჯერ დაბომბეს. დაბომბილი კორპუსის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდა.