რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერბეთი იარაღს არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ მიყიდის – სერბეთის თავდაცვა

სერბეთის თავდაცვის მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი
სერბეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური/AP Photo

სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა უარყო დღეს, 12 აპრილს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 

"სერბეთი არ მიყიდის იარაღს არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს და არც ამ კონფლიქტში ჩართულ რომელიმე ქვეყანას". - აღნიშნა ვუჩევიჩმა. 

ამასთანავე, ვუჩევიჩმა თქვა, რომ არსებობს შესაძლებლობა, კონფლიქტში სერბული წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალები გამოჩნდეს, მაგრამ "ამას არანაირი კავშირი არ ექნება სერბეთთან".

"ეს არის საკითხი ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო ნორმებს, სახელშეკრულებო პუნქტებსა და ბიზნეს პრაქტიკას". - თქვა მან.

აქამდე, მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარემ სერბეთისგან განმარტება მოითხოვა, ბელგრადმა უარყო, რომ მათ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ათასობით რაკეტა მიჰყიდეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თქმით, ბელგრადს სამხედრო შეიარაღება "კონფლიქტის" არც ერთი მხარისთვის არ მიუწოდებია.

"ამისი თქმა შემიძლია, რადგან ჩემი სამინისტრო გასცემს ნებას [შეიარაღების] ექსპორტზე. სერბეთს სამხედრო აღჭურვილობა არ მიუცია არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, პრობლემური იქნებოდა". – თქვა დაჩიჩმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სერბეთისგან გასულ დღეს მოითხოვა ოფიციალური განმარტება ცნობასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელებს სერბებმა შეიარაღება მიჰყიდეს. მან დაუდასტურებელ ცნობებზე, რომლებიც თავდაპირველად პრორუსულ მედიებში გავრცელდა, "მძიმე შეშფოთებაც" გამოთქვა.

სერბეთი რუსეთის მოკავშირეა. მოსკოვი ბელგრადს მხარს უჭერს კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით. დასავლეთში შიშობენ, რომ, შესაძლოა, კრემლი, ევროპის ყურადღების გასაფანტად, ბალკანეთში ვითარების დაძაბვას ცდილობდეს.

კომენტარები