რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისგან განმარტების მოთხოვნის შემდეგ, სერბეთი კიევისთვის იარაღის მიყიდვას უარყოფს

სერბული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ისვრის რაკეტას ვარჯიშზე. 2017 წლის 9 მაისი.
AP Photo/Darko Vojinovic

მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარემ სერბეთისგან განმარტება მოითხოვა, ბელგრადმა უარყო, რომ მათ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ათასობით რაკეტა მიჰყიდეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თქმით, ბელგრადს სამხედრო შეიარაღება "კონფლიქტის" არც ერთი მხარისთვის არ მიუწოდებია.

"ამისი თქმა შემიძლია, რადგან ჩემი სამინისტრო გასცემს ნებას [შეიარაღების] ექსპორტზე. სერბეთს სამხედრო აღჭურვილობა არ მიუცია არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, პრობლემური იქნებოდა". – თქვა დაჩიჩმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სერბეთისგან გასულ დღეს მოითხოვა ოფიციალური განმარტება ცნობასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელებს სერბებმა შეიარაღება მიჰყიდეს. მან დაუდასტურებელ ცნობებზე, რომლებიც თავდაპირველად პრორუსულ მედიებში გავრცელდა, "მძიმე შეშფოთებაც" გამოთქვა.

მედიის დაუდასტურებელ ცნობებში საუბარი იყო, რომ სერბეთის სახელმწიფო საწარმომ უკრაინას გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების 3 500 რაკეტა მიჰყიდა. ამავე ცნობებით, პროდუქტს ყიდულობდა კანადა, შემდეგ კი, სლოვაკეთის ან თურქეთის გავლით უკრაინას აწვდიდნენ.

უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა უარყო სერბეთის თავდაცვის მინისტრმაც, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ რაკეტები სამოქალაქო პირს ეყიდა, შემდეგ კი უკრაინისთვის გადაეცათ. 

სერბეთი რუსეთის მოკავშირეა. მოსკოვი ბელგრადს მხარს უჭერს კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით. დასავლეთში შიშობენ, რომ, შესაძლოა, კრემლი, ევროპის ყურადღების გასაფანტად, ბალკანეთში ვითარების დაძაბვას ცდილობდეს.

კომენტარები