ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი ტაივანის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავს – REUTERS

 REUTERS/Dado Ruvic

16-18 აპრილიდან ჩინეთი ტაივანის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავს, რაც რეგიონის მასშტაბით ფრენების შეფერხებას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.  

4 მაღალჩინოსანი, რომელთაც Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს, გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს. 

საქმეში გათვითცნობიერებული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, შეზღუდვა ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის რეისების 60-70%-ზე მოახდენს გავლენას. ეს შეაფერხებს ტაივანსა და სამხრეთ კორეას, იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გადაადგილებას. 

ჩინეთისა და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 


გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ტაივანის გარშემო 3-დღიან სამხედრო წვრთნებს იწყებდა. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

ჩინეთის განცხადებიდან მალევე, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ აღმოაჩინეს სულ 42 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის სრუტეზე, რომელიც კუნძულს ჰყოფს ჩინეთის მატერიკიდან. სამინისტროს განმარტებით, 29 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა შუა ხაზი სრუტეში საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ საბრძოლველად მზად არიან

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობების დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები