აშშ-ევროკავშირი

მორავიეცკი: "სტრატეგიული ავტონომიის" ნაცვლად, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გთავაზობთ

"ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად სტრატეგიული ავტონომიის აშენების ნაცვლად, გთავაზობთ სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-სთან". - ასე უპასუხა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპა სხვის კონფლიქტებში არ უნდა მოყვეს და ამის ნაცვლად, "სტრატეგიული ავტონომიის" შენებაზე უნდა იზრუნოს.

მაკრონის POLITICO-სთან ინტერვიუს, რომელიც 9 აპრილს გავრცელდა, ევროპელი დიპლომატების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკრონს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელი მაღალჩინოსნები არ ეთანხმებიან. მათ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები POLITICO-სთან ანონიმურობის პირობით შეაფასეს.

"ჩვენ არ გვესმის [მაკრონის] ეს პოზიცია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე ამ ძალიან რთულ პერიოდში. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, უნდა ვიყოთ ერთიანი. სამწუხაროდ, ეს ვიზიტი და შემდგომი ფრანგული კომენტარები უსარგებლო აღმოჩნდა". - აღნიშნავს ერთ-ერთი დიპლომატი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან. 

რეალურად, ეს რეაქციები ასახავს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე კამათს ევროპაში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგია. მაკრონი წლებია ამტკიცებს, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო ავტონომიური ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, აშშ-ს რუსეთის იზოლირებასა და ევროპისგან ჩამოშორებაში ღირებული დახმარება შეუძლია.

"გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე აშკარაა, რომ დემოკრატიებმა უნდა იმუშაონ ერთად - იმაზე მჭიდროდ, ვიდრე ოდესმე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიხსენოთ საფრანგეთში აშშ-ის პირველი ელჩის, ბენჟამინ ფრანკლინის სიბრძნე, რომელმაც სამართლიანად აღნიშნა, რომ ან ერთად დავრჩებით, ან ცალ-ცალკე ჩამოგვახრჩობენ". - აღნიშნავს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი POLITICO-სთან. 

კომენტარები