აშშ-ევროკავშირი

მერცის თქმით, ევროპა აშშ-ს სამხედრო ძალაზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
AFP

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მკაცრად უპასუხა.

დოკუმენტში მოყვანილი ფორმულირებები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებდა და ევროკავშირის შიგნით წინააღმდეგობის გაღვივების საჭიროებაზე საუბრობდა, როგორც ბერლინში, ისე სხვა ევროპის დედაქალაქებში უარყოფითად შეაფასეს.

მერცმა თქვა, რომ ტექსტის გარკვეული ნაწილები გასაგებია, მაგრამ გარკვეული ფორმულირებები ევროპული პერსპექტივიდან აბსოლუტურად მიუღებელია.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ევროპა და განსაკუთრებით გერმანია, უსაფრთხოების პოლიტიკაში მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამერიკულ სამხედრო ძალას ნაკლებად დაეყრდნოს.

მისივე თქმით, მიუხედავად გამწვავებული რიტორიკისა და პოლიტიკურ-სტრატეგიული დაძაბულობისა, ტრამპი გერმანიას სავარაუდოდ მომდევნო წელს ეწვევა და ბერლინი მისი მიღებისთვის მზად არის.

რას მოასწავებს აშშ-ს ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თავისუფალი სამყაროსთვის

კომენტარები