აშშ-ევროკავშირი

ევროკომისიამ ილონ მასკის პლატფორმა X 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა

პლატფორმა-X

ევროკომისიამ ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ეს პირველი მნიშვნელოვანი სანქციაა ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც ონლაინ პლატფორმებს უკანონო და საზიანო კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას ავალდებულებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ X-მა მისი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო, შეცდომაში შემყვანი "ლურჯი მონიშვნის“ სისტემა შექმნა და მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომა არ მისცა.

ამას გარდა, დარღვევები TikTok-ის პლატფორმასაც აღმოაჩნდა, თუმცა ის ამ ეტაპზე არ დაჯარიმებულა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ბრენდან კარი, აცხადებენ, რომ ევროკავშირი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიზანმიმართულად ავიწროვებს და მათ სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს.

"ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულდა," წერს მარკო რუბიო X-ზე

ევროკომისიის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა ჰენა ვირკუნენმა თქვა, რომ ჯარიმა დარღვევების პროპორციულია და ცენზურას არ უკავშირდება. "EU-ს მიზანი ციფრული კანონების აღსრულება და მომხმარებლების დაცვაა," აღნიშნა მან და დაამატა, რომ მომავალში მსგავსი საქმეები უფრო სწრაფად დასრულდება.

კომენტარები