თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

სურგულაძე რესპუბლიკურის გეგმაზე: მოუმზადებელი იყო, კონცეფცია მგონი ამ კვირაში დაწერეს

ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კონცეფციას მოუმზადებელს უწოდებს. ამის შესახებ მან 10 აპრილს სამინისტროს მიერ გამართული რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა.  

"ყველაფერი მოუმზადებელია. კონცეფცია მგონი ამ კვირაში დაწერეს - რა რისკები, სად აშენდება, როგორი პროექტი გვექნება - როგორ შეიძლება იქამდე რამის თქმა, სანამ არ გაქვს სრული ინფორმაცია? რაც შეეხება ანაზღაურებას, ბიუჯეტში არ დევს ჯერჯერობით ანაზღაურება, რაც უნდა გაიცეს. თბილისში სულ სამი სახელმწიფო საავადმყოფოა - ინფექციური, ფსიქიატრიული და ტუბერკულოზის ცენტრი - სად აპირებენ ამდენი ადამიანის დასაქმებას?" - აღნიშნავს სურგულაძე.

საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მისწერეს. მესამე კვირაა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმაც გამოუცხადეს.

ექიმების პროტესტის ფონზე, აზარაშვილმა თქვა, რომ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სამხარაულის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. ხოლო, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დასაქმებულზე და იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

მანამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კომენტარები